18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ბრალდებები "თბილსერვისის" მიმართ - გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ხალილ კასოიანის ოჯახის წევრები "თბილსერვის ჯგუფსა" და "ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს" გარიგებაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით ხალილ კასოიანი ლილოს ნაგავსაყრელზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და არ ენდობიან დასკვნას, რომლის თანახმადაც სიკვდილი ფილტვისა და გულის იშემიამ გამოიწვია. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხალილ კასოიანის უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე დაცული არ იყო და სწორედ ამ მიზნით "თბილსერვის ჯგუფმა" ახალგაზრდას გარდაცვალების ფაქტი ოჯახს არ შეატყობინა.

„მერიის დასუფთავების სამსახურის ე.წ. პოლიგონზე, ანუ ნაგავსაყრელზე იღუპება ადამიანი და არც სამსახურის უფროსი, არც ზედამხედველობა არ ატყობინებს ოჯახის წევრებს. ჩვენი მეგობრების და საერთო ნაცნობების მეშვეობით გავიგეთ, რომ ადამიანი არის გარდაცვლილი. ჩვენი ვერსიით დაარტყა დენმა, რასაც „თბილსერვისი“ გვიმალავს,“- აცხადებს ხალილ კასოიანის ნათესავი, მურაზ ხუდოევი.

გარდაცვლილის ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი ამბობს, რომ მათ აქვთ შეტყობინება, რომელიც კასოიანმა გარდაცვალებამდე გამოგზავნა და წერდა, რომ სამსახურში მის სამუშაო ადგილზე დენი გადიოდა, რაც საფრთხეს ქმნიდა.

„გუშინ მესიჯი გამოგზავნა ბავშვმა, ფიცარზე ვდგავარ და დენი გადისო, უფროსებს ვეუბნები და ყურადღებას არ აქცევენო. ეს მესიჯი გვაქვს. არ ვენდობით ამათ, იმიტომ რომ არც შეგვატყობინეს, მოვდივარ და ქაღალდს მაძლევენ რომ გულით არისო გარდაცვლილიო. ბიჭი არც სვამდა,  არც ეწეოდა,  ჯანმრთელი ბიჭი იყო,“-აცხადებს ანზორ ოზმანიანი.

დღის ამბები