საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დათანხმდა საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, კონსტიტუციის პროექტზე ერთობლივი განხილვების გამართვის შესახებ. განცხადება ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტის საერთო განხილვაში ფართო ჩართულობას ადმინისტრაცია თავიდანვე ითხოვდა და ირაკლი კობახიძის ამ შემოთავაზებას მიესალმებიან. აბაშიშილის თქმით, განხილვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველო პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები.
პროცესი მედიის საშუალებით გაშუქდება, თუმცა კონკრეტულად რომელი მედიასაშუალება გააშუქებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე კონსტიტუციის განხილვის პროცესს, უცნობია.
„საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში არის საკმაოდ რთულ ფაზაში და იმისათვის, რათა ჩვენ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსესუსის წინაშე ამ პროცესში, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით ჩვენ მუდმივად და რომელზეც მიგვითითებს ახლა უკვე ვენეციის კომისია. საჭიროა გარკვეული რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.