საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენაზე დისკუსია განახლდა. კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დღეს ქადაგებისას კვლავ კათალიკოს-პატრიარქმა დააყენა, რასაც პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. მმართველი გუნდი კონსტიტუციური მონარქიის შემოღებაზე მსჯელობას არ გამორიცხავს.
„არსებობს ამის უამრავი წარმატებული მაგალითი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა, პოლიტიკურმა, სპექტრმა, თუ დაიწყებს ამაზე საუბარს და შესაძლებელია დაიწყოს, აუცილებლად ეს უნდა მოხდეს ძალიან ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, ეს უნდა იყო ერის გადაწყვეტილება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ოდიშარიამ.
პატრიარქის მხრიდან გაჟღერებულ იდეას მონარქიის აღდგენის თაობაზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, საინტერესოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს საკითხი დაფიქრებას ნამდვილად იმსახურებს.
„თუ გავითვალისწინებთ დღეს იმ ქვეყნებს, ვისაც აქვს დღეს კონსტიტუციური მონარქია და სადაც არსებობს განსხვავებული ფორმით, მაგრამ არსებობს მონარქის ინსტიტუტი და როგორი ტიპის სტაბილურობა აქვთ ასეთ ქვეყნებს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას და მის სპეციფიკას, ეს არის იდეა, რომელიც უთუოდ იმსახურებს ანალიზს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.