ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სთოუნის, 4-საათიანი ფილმი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესახებ, საერთაშორისო დონეზე კრიტიკის საგანი გახდა. 3 გზის ოსკარი მფლობელი რეჟისორის ფილმის პრემიერა აშშ-ში გუშინ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ოლივერ სთოუნი სკანდალური პოლიტიკური ფილმებით არის ცნობილი და მის მიერ გადაღებულ ფილმში, დასავლეთის კრიტიკოსებისა და მედიის განცხადებით, პუტინი „ფაფუკი, რბილი და ტკბილია.“
დასავლური მედიის აზრით, ისეთი თანამოაზრე ამერიკის შეერთებული შტატებიდან კრემლის ლიდერს, არასდროს ჰყოლია. მათი აზრით, ცნობილი რეჟისორი შეგნებულად ან შეუგნებლად, პუტინის ხელში იარაღი გახდა.
ოლივერ სთოუნი ამბობს, რომ მან ამერიკელებს აჩვენა პუტინი, რომლის ნახვაც მათ არ სურდათ. 4-საათიანი ინტერვიუს განმავლობაში რეჟისორი არცერთ კრიტიკულ შეკითხვას არ სვამს. "The New York Times-თან" ინტერვიუში, ოლივერ სთოუნი აღნიშნავს, რომ უფრო კრიტიკული შეკითხვების დასმის შემთხვევაში, ბუნებრივი იყო, რომ ვლადიმირ პუტინი მასთან საუბარს აღარ გააგრძელებდა. შესაბამისად შეკითხვა მედიის თავისუფლებაზე, მოკლულ და დაკავებულ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე არ ისმის.
ფილმში ვლადიმირ პუტინის „იდეალური“ ოჯახის შესახებაც არის საუბარი.
მაყურებლებისთვის ოლივერ სთოუნის ამ ნამუშევარმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს რუსული პრემიერა ხვალ შედგება.