18 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმე და p.s-ში გასული ექსკლუზიური კადრები - ადვოკატი მასალის სრულად გასაჯაროებას ითხოვს

p.s-ის ეთერში ექსკლუზიური კადრების გასვლის შემდეგ, აფგან მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ამსახველი ვიდეომასალის მიზანმიმართულ განადგურებაზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მუხთარლის სრული მარშრუტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

ვიდეო მტკიცებულებების ნაწილი რომ უკვე განადგურებულია, ამაზე მხოლოდ ერთ ქუჩაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერიც მიუთითებს. p.s-ის მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც წესით მასალაში მუხთარლი უნდა გამოჩნდეს, მოულოდნელად კადრი ჩერდება და იცვლება. ამ გარემოებების გამო, ჩნდება ეჭვი, რომ მასალის ის ნაწილი, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაა ასახული, წაშლილია, ხოლო დარჩენილი მასალის ნაწილში თარიღები შეცვლილი.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ყველა ვიდეოკამერაზე წვდომა ჰქონდათ და ის რამდენჯერმე უკვე დაათვალიერეს. ოპოზიცია ახალი გარემოებების შემდეგ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

"ქართულ ოცნებაში" დღეს განაცხადეს, რომ მუხთარლის საქმეზე ინფორმაციას მალე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრისგან და პროკურატურის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.

დაიწყო თუ არ გამოძიება მუხთარლის საქმის ვიდეო მტკიცებულებების შესაძლო განადგურების შესახებ, უცნობია.

 

დღის ამბები