ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ე.წ. "ციანიდის საქმის სცენარისტი" უწოდა.
მამა გიორგი „კურიერთან“ გამოგზავნილ წერილში ირწმუნება, რომ იოსებ გოგაშვილი შორენა თეთრუაშვილისა და ქორეპისკოპოს იაკობის დავალებით მოქმედებს. ამასთანავე, მამა გიორგი წერს, რომ იოსებ გოგაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქმეზე სიმართლე ვერ გაიგოს.
დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგის დაკავების ოპერაცია და ფარული მიყურადებაც სუს-ის თანამშრომლებმა განახორციელეს.
თავის მხრივ, სუს-ის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.
საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა კი სკანდალური მტკიცებულებებისა და მასალების გამოქვეყნებას მალე თავად გეგმავს.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე საქმეში იოსებ გოგაშვილის შესაძლო მონაწილეობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. ციანიდის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.