კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი სახელისუფლებო შტოებს შორის კვლავ დაპირისპირების თემაა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ აპირებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის მთავარი კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაზე მისვლას და სახელმწიფოს მეთაურს, გიორგი მარგველაშვილს ტელე ეთერს სთავაზობს.
ამ საკითხს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. გიორგი მარგველაშვილის პოზიციას მისი პრესსპიკერი ხვალ გამოაცხადებს. პრეზიდენტის ახალი წინადადებების გახმაურებამდე, "ქართული ოცნება" ქვეყნის პირველ პირს კიდევ ერთ ულტიმალტუმს უყენებს და მოლაპარაკებების გამართვას, მხოლოდ პარლამენტში სთავაზობს.
ექსპერტები ამ დაპირისპირებას პოლიტიკურ დუელს უწოდებენ. ამ დუელის გარდა დაპირისპირება პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შორისაც არის. "ქართული ოცნების" 116 დეპუტატიდან 25, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება შესაძლოა 2024 წლისთვის გადავადდეს.
ექსპერტების აზრით, კონსტიტუციის პროექტზე ასეთი ტიპის დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის ბრალია, რადგან მან ძალების კონსოლიდირება ვერ მოახერხა.