ოპოზიცია უმრავლესობას კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მიხედვით, თუ პრეზიდენტი არ გამოსცემს რიგგარეშე სხდომის აქტს წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ, 48 საათის განმავლობაში იკრიბება პარლამენტი და რიგგარეშე სხდომას ატარებს.
პარლამენტის ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, აცხადებს, რომ ბიუროს სხდომა უმრავლესობა ხვალინდელი დღის 10 საათის შემდეგ უნდა დაენიშნათ, რადგან ამ დრომდე პრეზიდენტს საკუთარი აზრის შეცვლის უფლება აქვს, ხოლო პარლამენტი ვალდებულია, ამ ვადის გასვლას დაელოდოს.
„პრეზიდენტს აქვს ვადა, რომ ხვალ დილის 10 საათამდე შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და გამოსცეს აქტი. ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, დაელოდოს ამ ვადის გასვლას და ბიურო, რომლიც განსაზღვრავს პლენარული სხდომის ჩატარების დროს და თარიღს, შეიძლება, ჩატარდეს მხოლოდ ხვალ დილის 10 საათის შემდეგ. თუ დღეს ბიუროზე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს, რა თქმა უნდა, იქნება კანონსაწინააღმდეგო,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, ფიქრობს, რომ კონსტიტუციური პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მხოლო მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის სხვადასხვა წარმომადგენლის და მთლიანად ხელისუფლების მხრიდანაც კეთდება განცხადებები, რომელსაც, თავისთავად, ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეჰყავს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრებს რიგგარეშე სხდომის ჩატარება უკვე ხვალ 12 საათზე აქვთ გადაწყვეტილი.