სტიქია მცხეთის რაიონში - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სოფელ ძეგვში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოშალა. ფირანაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა.
სეტყვა მცხეთის რაიონის სოფლებში, დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდა. სტიქიამ მოსავალი გაუნადგურა ნიჩბისის, თელათგორისა და ქსნის მოსახლეობას. ადგილობრივების თქმით, წელს ლობიოს, კიტრის, კარტოფილისა და სიმინდის მოსავალს ვეღარ აიღებენ.
გლეხები მუნიციპალიტეტისგან ზარალის დათვლას და დახმარებას ითხოვენ.
სოფელ თელათგორში სტიქიამ წიწიბურას ნათესები მიწასთან გაასწორა.
სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დღეს გამგებელი არ გამოჩენილა. გამგეობაში დანამდვილებით მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ზარალს დაითვლიან, მაგრამ განადგურებული მოსავლის კომპენსირებას მუნიციპალიტეტი ვერ მოახერხებს.
მცხეთის რაიონის რამდენიმე სოფელში ამ დრომდე წვიმს.