შინაგან საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისი სათადარიგო გასასვლელით დატოვა. უმრავლესობის წევრები გიორგი მღებრიშვილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით შეხვდნენ. მინისტრის მსგავსად, მედიასთან გამოჩენა „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილიც არ ისურვა.
„ქართული ოცნების“ წევრები არ საუბრობენ, რა პასუხები მიიღეს მინისტრისგან. უმრავლესობის წევრები არც იმაზე საუბრობენ, მზადაა თუ არა გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში მისასვლელად.
რატომ აარიდა თავი შინაგან საქმეთა მინისტრმა ოპოზიციასთან შეხვედრას, ამ კითხვაზე პასუხი ჟურნალისტებს მხოლოდ არჩილ თალაკვაძემ გასცა. პარლამენტის წევრი ამტკიცებს, რომ გიორგი მღებრიშვილი მზადაა, უმრავლესობის მიერ ფორმატის შერჩევის შემდეგ მუხთარლის საქმეზე ისაუბროს.
საპარლამენტო უმცირესობაში არ სჯერათ, რომ მინისტრთან შეხვედრის ფორმატს კანცელარიაში შეარჩევენ. ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ გიორგი მღებრიშვილის მისვლა პარლამენტში პასუხების გასაცემად მხოლოდ სოლოლაკში გადაწყდება.
გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას სკეპტიკურად უყურებს აფგან მუხთარლის დაცვის მხარე.
სანამ საზოგადოება ქართული გამოძიების შედეგებს ელოდება, სტრასბურგის სასამართლომ ოფიციალურ ბაქოს მუხთარლის გატაცების გამოძიება მოსთხოვა. ჟურნალისტის დაცვის მხარე ამბობს, რომ ევროპული სასამართლო გამოძიების შედეგებს ქართულ მხარესაც მოსთხოვს.