„უმწიფარობის დემონსტრაცია,“ - ეს განცხადება საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, დავით ბერძენიშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას გააკეთა.
„როგორ შეიძლება, ოპოზიციას დასდო ბრალი საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიამ და ამ პარტიის სპიკერმა კონსტიტუციური ცვლილებების შეუძლებლობაში,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ინტელექტზეც საუბრობს.
„საერთოდ, მე მის ინტელექტთან დაკავშირებით არ ვარ მიანცდამაინც მაღალი აზრის, იძულებული ვარ პირდაპირ ვილაპარაკო,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისი აზრით, მმართველი გუნდის მხრიდან კათოლიკოს-პატრიარქის იდეის პოლიტიკური მიზნით გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება საქართველოში პოლიტიკური ნონსენსია.
„მონარქიის მომხრეობა თანამედროვე საქართველოში არის პოლიტიკური ნონსენსი იმიტომ, რომ 2 საუკუნეზე მეტი გავიდა, წყვეტა არის. ევროპაში ყველგან არის კომპრომისების და პოლიტიკური კულტურის შედეგი,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისი აზრით, "ქართული ოცნების" მხრიდან 2024 წელზე საუბარი სწორი და რელევანტური არ არის.
"რასაც ახლა გვთავაზობენ 2024 წლისთვის ახლა მისაღებად, ის შერეულ სისტემაზე უარესიც კი არის და მათ არავინ არ ეკითხებათ, 2024 წელს როგორი საარჩევნო სისტემა იქნება," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ოჯახის საკითხზე კონსტიტუციაში დეფინიციის გაკეთებით საკითხის აქტუალიზაცია და გამწვავება გამოიწვია.