18 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
კადრები სპეციალურად "კურიერისთვის" -  ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, მობილური ტელეფონის საშუალებით, ადგილობრივებმა სპეციალურად „კურიერისთვის“ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად გადაიღეს. თავად კამერასთან საუბრის ეშინიათ, რადგან ამის გამო შესაძლოა, როგორც თავად ამბობენ, აზერბაიჯანელმა ძალოვნებმა დასაჯონ. საინგილოში მცხოვრებთა ნათესავები „კურიერთან“ ყვებიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობა სავალალოა და ადგილობრივ ქართველებსაც იქ ყოველკვირეულად ლოცვის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილობრივების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ისტორიულ ჰერეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მითვისების პროცესი მიმდინარეობს. ადგილობრივები, იმის გამო, რომ პოლიციის ეშინიათ, ცდილობენ საკუთარი ტაძრის ფოტოები ფარულად გადაიღონ.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი პირველად „კურიერთან“ ყვება გუშინ ბაქოში ჩატარებული რელიგიის კომიტეტის სხდომის დეტალებს, სადაც ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის ეკლესიის საკითხი განიხილეს. ქართულ ტაძარში აზერბაიჯანული ტელეარხის მიერ გადაღებული გადაცემის შეურაცხმყოფელი ეპიზოდის გამო, მეუფე დიმიტრი კაპანაძის განმარტებით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოძიება დაიწყო.

აზერბაიჯანის რელიგიურ კომიტეტს, ქურმუხის ეკლესიასთან დაკავშირებით, შეხვდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩიც.

მისცემს თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლება ისტორიულ ჰერეთში ქართულ მრევლს ქურმუხის ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალებას და მოხდება თუ არა ძეგლის დაცვა, ეს ქართული სამღვდელოების განცხადებით, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მანამდე კი, ადგილობრივებისგან ცნობილი ხდება, რომ ქურმუხის ეკლესიასთან სულ უფრო ხშირად ჩნდებიან აზერბაიჯანელი სამართალდამცავები და ეკლესიიდან გამოსულ მრევლს ტელეფონებს უმოწმებენ.

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები