ზუსტი თარიღი თუ როდის გადმოასვენებენ თურქეთში დაღუპულ ბუნა ხოტოველს, ამ დრომდე გაურკვეველია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკითხი გამოძიების დასრულებაზეა დამოკიდებული. გადმოსვენების პროცესში ჩართულია საქართველოს საკონსულო.
36 წლის ბუნა ხოტოველი სტამბოლში, შიშლის რაიონში გვირაბის შესასვლელთან გარდაცვლილი ორი დღის წინ იპოვეს. სავარაუდოდ, ის 10 მეტრის სიმაღლის ესტაკადიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა დილის 6-ის ნახევარზე მოხდა. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა სამართალდამცველები საეჭვო გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას. შვილთან ბოლო სატელეფონო საუბარს იხსენებს გარდაცვლილის დედა.
„შენ არ დამირეკოო, მე თვითონ დაგირეკავო. თურმე დაკარგული აქვს ყველაფერი, მოპარეს, რა ქნეს არ ვიცი,“ - ყვება ნათელა ხოტოველი.