არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყნის მთავარი კანონის პირველი მოსმენით ინიცრებულ ვერსიას აპროტესტებს და მას მმართველი პარტიის მიზნებსა და შესაძლებობებზე მორგებულ დოკუმენტად აფასებს. პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო დღეს დახმარებისთვის და ქვეყენაში დემოკრატიული პროცესის გადარჩენის თხოვნით საერთაშირისო საზოგადოებას მიმართავს, მათ შორის, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიას.
„ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია ფრანკენშტეინი და ფატრობრივად, როგორც ფრანკენშტეინზე არის მიკერილ-მოკერილი სხვადასხვა სხეულებისგან, ისეა, ხან 2018-ში იწყებს მუშაობას, ხან 2020-ში ხან 2024-ში,“ - აცხადებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია.
ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა დოკუმენტში მოულოდნელად ჩაწერილი ცვლილებები, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე დატოვება.
„ქართულმა ოცნებამ" ივაჭრა ვითომ მაჟორიტარებით. სინამდვილეში, ეს მაჟორიტარები არიან მომწყვდეული ერთ მუჭში თავიანთი ბიზნესებით და ვითომ მიზეზად გამოაჩინა ის, რომ აი, ჩვენს გუნდში კონსენსუსს მივაღწიეთ და ა.შ. კობახიძეს ელემენტარული რამე არ ესმის, კონსენსუსს ოქრიაშვილთან კი არ უნდა მიაღწიო, ანუ პარტიის შიგნით, არამედ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის,“ - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის რესურსი აღარ არსებობს.
„პროცესები დაიწყებს განვითარებას რადიკალური მიმართულებით. ეს არის უკვე პოლიტიკური ანა-ბანა და არსებული ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
პარტია ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობებიც ჩაერთვებიან.
„სხვა შემთხვევაში სხვა არაფერი გვრჩება, როგორც უკვე ვთქვით საქართველოს "პატრიოტთა ალიანსმა" ზეწოლის სხვა მექანიზმები იქნება გამოყენებული, რასაც ჰქვია ქუჩის აქციები, მანიფესტაციები და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმები,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.