„პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტების“ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა. არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოსგან მოითხოვდა 2 სამშენებლო ნებართვის გაუქმებას, რის საფუძველზეც, ქალაქის ისტორიულ ცენტრში სასტუმრო და გასართობი კომპლექსები შენდება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარეების აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო შუამდგომლობა, რომ უნდა შეწყვეტილიყო დავა სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, თუმცა ჩვენ გვქონდა სრული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები, შესაბამისი თარიღების, ვადების მითითებით თუ რატომ წარმოგვეშა გასაჩივრების უფლება სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ჩაგვბარდა ის კონკრეტული რუკა, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ იყო გაცემული და ამ ნაწილში სასამართლომ ჩათავალა, რომ თურმე მოსარჩელე მხარეს დაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
სულხან სალაძე აცხადებს, რომ განჩინების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავენ.
„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი პროექტის, „სოლოლაკი ჰილზის“ წარმომადგენელი, ანა კახნიაური სასამართლოს გადაწყვეტილებას ხსნის და აცხადებს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება.
„პანორამა თბილისი“ ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარადაა შეფასებული.