18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომა ბრალდების მოწმეების დაკითხვით განაახლა

ე.წ. პიჯაკების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომა ბრალდების მოწმეების დაკითხვით განაახლა. ყოფილი პრეზიდენტის პირადი დაცვის ყოფილმა წევრებმა ჩვენებაში იმ საიდუმლო შესყიდვების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ახორციელებენ. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის 2 მოწმე დაიკითხა.

„საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული დანახარჯები არ შეიცავდნენ სახელმწიფო საიდუმლოებით გათვალისწინებულ მონაცემებს და მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იყო გასაჯაროებული, რომ საჯაროდ არ გამხდარიყო ცნობილი ამ გაფლანგვის თაობაზე,“ - განაცხადა პროკურორმა ქეთევამ ჩაჩავამ.

ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, აღნიშნული თანხა არ გაფლანგულა და მისი მოხმარება ლეგალური იყო.

„დღეს დაკითხულმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მას შემდეგ რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალი უფროსი დაინიშნა, ზუსტად იდენტური ხარჯების გაწევას ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური,“ - განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია პოლიტიკური ნიშნით შერჩევით სამართალზე საუბრობს.

„ეს ხარჯები იყო აბსულუტურად ლეგალური, წინააღმდეგ შემთხვევაში სამივე სამსახურის უფროსიც ჩემთან იჯდებოდნენ. ის, რომ მარტო მე ვზივარ საბრალდებო სკამზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითი,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

7 ივლისს სხდომა კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

დღის ამბები