18 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
ვიდეო ჯარიმებზე 20%-იან ფასდაკლებას ექსპერტები დანაშაულის წახალისებად მიიჩნევენ 

საქართველოს გზებზე საგანგაშოდ გაზრდილი სიკვდილიანობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო ჯარიმებზე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ინიციატივის მიხედვით, ვიდეოჯარიმების ოდენობა 20%-ით იმ შემთხვევაში მცირდება, თუ ავტომობილის მფლობელი ჯარიმას შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში გადაიხდის. საჯარიმო ქვითარი კი დაჯარიმებულ პირს მხოლოდ ამ 10-დღიანი საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ გაეგზავნება. ამასთან, თუ ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ შეძლებს, სამინისტრო ჯარიმას თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და 30 დღის შემდეგ ის ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება, რაც იმას ნიშნავს რომ ავტომფლობელებს ძალიან ხშირად მოუწევთ ამ ვებ-გვერდის შემოწმება. ინიციატივას ხელისუფლება ხარჯების დაზოგვით ხსნის, რადგან 20%-იანი შეღავათით დაჯარიმებულ პირს ჯარიმის დროულად გადახდის მოტივაციას უჩნდება და სამინისტროს საფოსტო მომსახურების შესყიდვა აღარ მოუწევს. მაგრამ ინიციატივა გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა სატრანსპორტო პრობლემებზე მომუშავე ექსპერტებისთვისაც და თავად მძღოლებისთვისაც.

“2012 წელს განახევრდა ჯარიმები და იმ დღიდან დღემდე გარდაიცვალა 3 ათასამდე ადამიანი, ხოლო დასახიჩრდა 50 ათასი ადამიანი. გაიზარდა 40% ჩვენ გზებზე სიკვდილიანობა, რითაც ევროპაში გადავედით პირველ ადგილზე და რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო ერთგვარი წახალისება დამღრვევი პირების მიმართ. ეს არის დაუშვებელი, ეწინააღმდეგება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და მათ შორის ეწინააღმდეგება საგზაო უსაფრთხოების იმ პროგრამას რომელიც შსს მიერ ინიცირებული. მიგვაჩნია სრულიად და კატეგორიულად მიუღებლად ეს ცვლილება“ - განაცხადა  "საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის" თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა.

დღის ამბები