18 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
მშენებლობა ქალაქის ლანდშაფტურ ზონას არღვევს - ხელოვნებათმცოდნეები "პანორამა თბილისზე" საუბრობენ

საქალაქო სასამართლომ უარი თქვა შეაჩეროს ბიძინა ივანიშვილის "პანორამა თბილისი," კერძოდ კი იმ ორი ობიექტის მშენებლობა, რომელიც თბილისის ისტორიულ ცენტრში მიმდინარეობს და რომლის სამშენებლო ნებართვაც, "ახალგაზრდა იურისტების" შეფასებით, თავის დროზე კანონდარღვევით გაიცა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების პოლიტიკურ კონტექსტზე ამახვილებენ ყურადღებას ხელოვნებათმცოდნეები. მათი  შეფასებით, თბილისის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური მშენებლობა ქალაქის იერსახეს და ლანდშაფტურ ზონას არღვევს. "პანორამა თბილისი" რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარადაა შეფასებული.

"თავისუფალი დემოკრატების” წევრი თამარ ამაშუკელი "პანორამა თბილისის" მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროექტი ხორციელდება ისტორიული ზონის ლანდშაფტის დაცვის ზონაში, რომელსაც კანონი კრძალავს.

„ეს არის ყველაფერი ერთი თამაშის ნაწილი, რომ კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, გარკვეული ექსპერტები, მათ შორის სასამართლოც, არიან მოწადინებული, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის პროექტი ყველაფრის ფასად აშენდეს,“ - განაცხადა თამარ ამაშუკელმა. 

"პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით, დღეს სასამართლო პროცესიც გაიმართა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა, რომ კონკრეტულ ორ ობიექტზე შეჩერებულიყო მშენებლობა, თუმცა მოსამართლემ ამ საკითხზე საერთოდ საქმის წარმოება შეწყვიტა  ახალგაზრდა იურისტების არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას „სოლოლაკი ჰილზის“ წარმომადგენელი ალა კახნიაური ხსნის.

მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო ხანდაზმული, მათ მიერ ვადაში არ იქნა გასაჩივრებული მიღებული აქტები და შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, განეხილა მათი მოთხოვნა და გამოეტანა გადაწყვეტილება. ამიტომ, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება," - განაცხადა კახნიაურმა

 

 

დღის ამბები