18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ერთი თვეა რუსეთის მოქალაქე საქართველოში გაუჩინარებულ მეუღლეს ვერ პოულობს

უკვე ერთი თვეა რუსეთის მოქალაქე საქართველოში გაუჩინარებულ მეუღლეს ვერ პოულობს. მეუღლეს გულმირა აბესლამოვა ბოლოს 25 მაისს 12 საათსა და 35 წუთზე ტელეფონით ესაუბრა. ამის შემდეგ კარიმჟონ კოდიროვის კვალი იკარგება. აბესლამოვა სატელევიზიო კომენტარზე საკუთარი უსაფრთხოების გამო უარს ამბობს. ტელეფონით გვიყვება, რომ ოჯახი დასასვენებლად რუსეთიდან ანტალიაში მიდიოდა. უზბეკეთის მოქალაქე მისი ქმარი საზღვარზე ვიზის გარეშე არ გაუშვეს. ამიტომ, ოჯახმა გადაწყვიტა კარიმჟონ კოდიროვი თურქეთში ბათუმის გავლით ჩასულიყო. ვიზა სარფის საბაჟოზეც მოთხოვეს. კოდიროვი თურქეთის საელჩოში მისასვლელად თბილისში ჩამოვიდა. 25 მაისის შემდეგ კი მასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყდა. გულმირა აბესლამოვა, რომელიც ანტალიიდან ისევ რუსეთში დაბრუნდა, მომხდარში საქართველოს ადანაშაულებს და სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვს.

გულმირა აბესლამოვამ დახმარება ქართველ ადვოკატს მას შემდეგ სთხოვა, რაც მეუღლის დაკარგვიდან 20 დღეში მის კვალს თავად ვერ მიაგნო. ცნობილი ხდება ისიც, რომ ის საქართველოს დედაქალაქში მარტო არ იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მასთან ერთად დაკარგულია უზბეკეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის მხოლოდ სახელია ადვოკატისთვის ცნობილი. 

ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ გულმირა აბესლამოვას ადვოკატმა უკვე გამოითხოვა შესაბამისი უწყებიდან. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ კარიმჟონ კოდიროვს საქართველო არ დაუტოვებია დავით ჩიხრაძე ძებნის ოპერაციაში სამართალდამცველების ჩართვას აპირებს.

დღის ამბები