18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრი მიხეილ ჩოხელი, კიდევ ერთ სკანდალურ საქმეში გამოჩნდა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელი კიდევ ერთ სკანდალურ საქმეში გამოჩნდა. ამჯერად მას ფულის გამოძალვის მიზნით ირანელი ბიზნესმენის გატაცებასა და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

„კურიერისთვის“ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ საქართველოში დაბრუნებულ ირანელ ბიზნესმენს, ამირ ფაზელიმერს, აეროპორტში იმ დროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოხელი და რამდენიმე პირი დახვდა. ის მოტყუებით გაიყვანეს აეროპორტიდან და გაურკვეველი მიმართულბით წაიყვანეს და რამდენიმე საათის განმავლობაში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

ამ ინცინდენტის შემდეგ ამირ ფაზელიმერმა საქართველო დატოვა. ირანელი ბიზნესმენის ქართველმა იურისტმა, ლადო ბიწაძემ, სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადა, თუმცა, მომხდარი ფაქტის ნამდვილობა „კურიერს“ დაუდასტურა.

სახალხო დამცველის აპარატი ირანელი ბიზნესმენისთვის ფულის შესაძლო გამოძალვას სწავლობს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

ირანელ ბიზნესმენის რესტორნის ნაცვლად ნაფარეულის 8 ნომერში ამჟამად რესტორანი „ტიფლისი“ ფუნქციონირებს. ტერიტორიის მფლობელი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ემირ ფაზელიმერმა საქართველოდან მათი სოლიდური ვალიც წაიღო. მირიან გოდოლაძე ამბობს, რომ ირანელ ბიზნესმენტან ფინანსური პრობლემების შესახებ ჩვენება ფინანსურ პოლიციასაც მისცა. 

მიხეილ ჩოხელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი მიხეილ ჩოხელის შესაძლო საცხოვრებელთან იმყოფებოდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

დღის ამბები