18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - თურქეთში ნაპოვნ საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ. 36 წლის მამაკაცი ბუნა ხოტოველი სტამბოლის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, ჯერჯერობით უცნობია რეალურად რა მოხდა ავტომაგისტრალზე. შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს, თუმცა ისინი დაზუსტებით ვერ ამბობენ, ბუნა ხოტოველი 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა თუ ის კრიმინალური შემთხვევის მსხვერპლია.

თვითმკვლელობისა და უბედური შემთხვევის ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ბუნა ხოტოველის დედა ყვება, რომ შვილს შემთხვევის ღამეს რამდენიმე საათით ადრე ტელეფონით ესაუბრა. გამთენიისას თავადაც გადაურეკა, თუმცა ხოტოველის ტელეფონზე უკვე უცნობმა პირებმა უპასუხეს და უთხრეს, რომ სასტუმროს თანამშრომლები იყვნენ, ტელეფონის პატრონმა კი ხელჩანთა და ნივთები დაკარგა.

ძარცვისა და მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს ქართველი ემიგრანტების ნაწილი. სტამბოლში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია მოინახულა და თვითმხილველები გამოკითხა. ამბობს, რომ გარდაცვლილი ნახევრად შიშველი იყო, მისი ტანსაცმელი კი მომხდარიდან დაახლოებით 10 მეტრში იპოვეს.

შეიცვლება თუ არა საქმის კვალიფიკაცია და გეგმავენ თუ არა თურქი სამართალდამცველები განზრახ მომხდარი დანაშაულის ვერსიაზე მუშაობას ცნობილი არ არის. საგარეო საქმეთა სამინსიტროს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

დღის ამბები