ბათუმში ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „კოლხიდის“ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სახლამდე მისასვლელად დანგრეული და ტალახიანი გზის გავლა უწევთ. ტერიტორია ერთი წლის წინ კომპანია „სტატოტელმა“ შეისყიდა. ხელშეკრულების თანახმად, მას 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რაც სასტუმროს, სარეკრეაციო ზონის, გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მშენებლობას გულისხმობდა, თუმცა ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა. გაყიდვიდან დღემდე კი ტერიტორია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადასატანად გამოიყენეს.
კორუფციული გარიგებების დადებაში ადანაშაულებენ კომპანიასა და ხელისუფლებას ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორია ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენს პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე მიჰყიდა, რადგან ის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მეგობარია. სინამდვილეში კი მათი თქმით, ტერიტორია გაცილებით მეტი ღირს.
კომპანიის დამფუძნებელი ადასტურებს, რომ „სტატოტელი“ მართლაც ყაზახეთში მყოფ ბიზნესმენს ეკუთვნის, თუმცა ზურაბ პატარიძესთან მეგობრულ კავშირებზე მას ინფორმაცია არ აქვს. გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ მიწის შესყიდვის შემდეგ აღმოაჩინეს, რამდენად დიდი თანხა იყო საჭირო ამ ტერიტორიის მოსაწყობად. მისი გასხვისებაც ამიტომ გადაწყდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.