18 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
კონსტიტუცია დაარქვეს იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება - არასამთავრობოები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულ, ერთპარტიულ რეჟიმში განხილვას აპროტესტებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, დიპლომატიური კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ.

20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართვაში იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე საუბრობს, რომელსაც მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური პროექტი შეიცავს.

„ერთადერთი ბერკეტი ზეწოლის, რაც სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა ჩვენგანს გააჩნია, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევა იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და საკონსტიტუციო რეფორმა დაიწყოს სწორად, დაიწყოს მაქსიმალური ჩართულობით  და ყველა ის კომპონენტი, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, იყოს კარგად აწონ-დაწონილი,“ - აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე უარის თქმა, მმართველი გუნდის საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას აჩვენებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არქმევს დოკუმენტს, რომელსაც თანხმობა არ აქვს.

„ეს განაცხადი აჩვენებს, როგორი მიმართება აქვს მმართველ ძალას საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ აზრთან და ზოგადად, კონსტიტუციასთან. მმართველმა ძალამ ფაქტობრივად ნულოვანი კონსენსუსის პირობებში, კონსტიტუცია დაარქვა იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები