საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვა, საკადრო პოლიტიკა და არსებული კრიზისი - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზე საუბარსაც „პროფესიული კავშირების გაერთიანებისა“ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე გეგმავენ.
ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა მას ახალი მენეჯმენტი, რომელთან გასაუბრებასაც ასევე ითხოვენ. შეხვედრა სამოქალაქო სექტორმა ერთი კვირის წინ გამართულ აქციაზე მოითხოვა.
„ის არეულობა, ის უპასუხისმგებლობა, მწარე რეალობა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელშია, ამ ადამიანებს არ უნდა შერჩეთ,“ - აცხადებს საქართველოს მედიიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი.
ლაშა მესხის ბრალდებებს პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
„მენეჯმენტს თავის საქმე აქვს, რას ჰქვია უარს ამბობს მენეჯმენტი შეხვედრაზე და რას ჰქვია შუამავლობა სთხოვეს. ეს რა არის, ბირჟაზე ხომ არ ვდგავართ. არის გარკვეული წესები, საკითხები, რომელიც აინტერესებს, ეს საკითხები იყო მარტში დამთავრებული და განხილული. შევხდებით ჩვენ, ავუხსნით რა სიტუაცია არის,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ.