საქართველოს საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან პატრიარქის შეხვედრის ამსახველ აუდიო მასალას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია.
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.
"საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება," - ნათქვამია განცხადებაში.
ჩანაწერის მიხედვით, პატრიარქთან შეხვედრისას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა ილია მეორისგან საქმის გამოძიების დასრულებამდე, დეკანოზის თავდებით გათავისუფლება მოითხოვა. როგორც პატრიარქთან შეხვედრისას დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა, საქმეზე სიმართლის დადგენას თვეები სჭირდება, ციხეში ყოფნა კი, როგორც მამა გიორგისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის დამთრგუნველია.
თორნიკე მამალაძის თქმით, შესაძლებელია, რომ თავდების პირობებში მამა გიორგი მამალაძე ან მონასტერში ან პატრიარქთან იყოს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ბრძოლა. მაგრამ უფალი ბრძანებს „ აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს,“ - აცხადებს პატრიარქი.