18 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
მკვლელობის მცდელობა კახეთში - მამამთილმა 36 წლის რძალს ორჯერ ესროლა

3 შვილის დედას, 36 წლის თამარ თამაზაშვილს მამამთილმა ორჯერ ესროლა. რძლის მკვლელობის განზრახვის მიზეზად სოფელში ეჭვიანობას ასახელებენ. ახალგაზრდა ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცმა მიმალვა სცადა თუმცა სამართალდამცავებმა მაინც დააკავეს. ნივთმტკიცებად არარეგისტრირებული სანადირო თოფია ამოღებული.  

როგორც მეზობლები ყვებიან, ოჯახში კონფლიქტი რძალსა და მამამთილს შორის ხშირად იყო. ახალგაზრდა ქალი მეგობრებს უყვებოდა როგორ უკრძალავდა მამამთილი სახლიდან გასვლას და სტუმრების სახლში მიღებას, ბოლო პერიოდში კი მოკვლითაც ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა რომ სოფელში კონფლიქტის შესახებ ყველამ იცოდა, სამართალდამცავებისთვის არავის მიუმართავს. სოფელში ყვებიან, რომ მამამთილი შვილის მეგობარზე და შვილიშვილის ნათლიაზე ეჭვიანობდა, ამის შესახებ იცოდა მეუღლემაც. ქალი დახმარებას დედასაც სთხოვდა.

მომხდარი ფაქტით ქალების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. მესამე სექტორი მიიჩნევს რომ მომხდარი ფემიციდია და გენერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტების სტატისტიკა საქართველოში უკვე საგანგაშოა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ხანდაზმულობის გამო შესაძლოა მამაკაცი სრული სიმკაცრით არ დაისაჯოს.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები