18 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"საქმის მთავარმა მოწმემ ბრალი არ დაადასტურა," - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია

ციანიდის საქმის დღევანდელი დახურული განხილვა დასრულებულია. გამოძიების მთავარი მოწმის ჩვენებები დღეს მხოლოდ მოსამართლემ და მხარეებმა მოისმინეს. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ საქმის მთავარმა მოწმემ ბრალი არ დაადასტურა.

“არც მეტი არც ნაკლები, ბრალდების პოზიცია, ბრალდების ბრალი გადატყდა ხერხემალში, მარტივი მიზეზის გამო, საქმის მთავარმა მოწმემ ბრალი არ დაადასტურა,“ - განაცხადა ფანცულაიამ.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, ირაკლი მამალაძემ  არაადეკვატური ჩვენებები მისცა.

“ყველა იმ კითხვაზე, რომელიც თავიდან ბოლომდე დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს თუ რამდენად შეიძლება იყოს წოდებული როგორც ოქროს მოწმე, ეს გამოჩნდება ძალიან მალე. პოზიცია არის ყველაფერზე, არ ვიცი და არ ვიცი. საერთოდ როდესაც არ იცი, ასეთი განცხადება არ უნდა გაავრცელო, დაწყებული პროკურატურიდან ისეთ კითხვებზე, ისეთი არაადეკვატური პასუხი გასცა ირაკლი მამალაძემ, ეს უკვე მოსამართლეს ძალიან ბევრ საშუალებას მისცემს,“ - აღნიშნა რამიშვილმა.

პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით კი ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენებები, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული.

“დაცვის მხარე მიმართულია იმისკენ, რომ სკანდალური განცხადებები აკეთოს და რაც შეიძლება სასამართლო პროცესებიდან გადაიტანოს საზოგადოებაში და ტელევიზიებში, თუმცა მე მინდა ცალსახად განვმარტო, ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენებები, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული. მან ცალსახად დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა ადამიანის მკვლელობა და მან განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაც,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.  

დღის ამბები