მცხეთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მეორე მსოფლიო ომში, უკრაინაში დაღუპული აბესალომ ალექსიძის ნეშტი დაკრძალეს. ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, მცხეთის რაიონის ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
მეომრის ხსოვნას პატივი საპატიო ყარაულმა ზალპით მიაგო. აბესალომ ალექსიძის ნეშტი სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად, უკრაინაში ჟიტომირის რაიონში მიმდინარე გათხრებისას აღმოაჩინეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის შემოდგომაზე შეატყობინეს.
გათხრებს ჩეჩნური არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მასშტაბით აწარმოებენ.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღმოჩენილია 800-მდე ქართველი მეომრის ცხედარი, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს.