18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
სახლში ფსიქიკური აშლილობით დაბრუნებული წვევამდელი - ოჯახი გამოძიებას ითხოვს

20 წლის ახალგაზრდა, ზურაბ კობალაძე, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში სრულიად ჯანმრთელი წავიდა, 10 დღეში, ოჯახს მძიმე ფსიქიკური აშლილობით დაუბრუნდა. ზურაბ კობალაძის მშობლები ამტკიცებენ, რომ გეგუთის ციხეში, სადაც მათი შვილი მომზადებას გადიოდა, ახალგაზრდას სცემდნენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

ბათუმის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში მისულ ოჯახს მძიმე სამედიცინო დასკვნა დახვდა. ზურაბ კობალაძისთვის მკურნალობის დაწყების შემდეგ, მათთან იმ ცენტრის უფროსი მივიდა, საიდანაც 10 დღეში ჯანმრთელი ზურაბ კობალაძე ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახმედ კონცელიძემ ოჯახს ახალწვეულის გეგუთში დაბრუნება მოსთხოვა.

"კურიერთან" წვევამდელთა მომზადების ცენტრის უფროსი, ახმედ კონცელიძე არ საუბრობს, რა დაემართა ზურაბ კობალაძეს, მის ნაწილში ყოფნის დროს ან რატომ აიძულა ფსიქიური აშლილობის ქვეშ მყოფ წვევამდელს სამხედრო ფიცის მიღება. ზურაბ კობალაძეზე საუბარი არ სურთ იმ ნაწილში, სადაც ახალწვეული მომზადებას გადიოდა.

ახმედ კონცელიძისა და წვევამდელებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტის გაწვევების სამსახურში კარგად ახსოვთ, რომ ზურაბ კობალაძე გაწვევის დროს აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.

ზურაბ კობალაძის ოჯახი საქმის პროკურატურაში გამოძიებას ითხოვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ გეგუთის ციხეში წვევამდელი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობამდე ოფიცრებმა მიიყვანეს.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები