18 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ამ გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური შემადგენელი - არასამთავრობიები თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრობენ

თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, ხელისუფლების პოზიციების გამყარებას ისახავს მიზნად - ასეთ შეფასებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აკეთებენ. სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის რეფორმასა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებით, ხელისუფლება პროცესების გაკონტროლებას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„თუკი გავითვალისწინებთ თვითმმართველობის არჩევნებს ამ 7 ახალ ქალაქში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა მისთვის სასურველი შედეგების მიღწევა, როგორც საკრებულოში, ასევე მერების არჩევის თვალსაზრისით. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური შემადგენელი და ბუნებრივია, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სწორედ ამითაც იყოს ნაკარნახევი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ის შვიდი ქალაქი,“ - განაცხადა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მთავარმა სპეციალისტმა ლევან ალაფიშვილმა.

არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებებით შემცირდება მოსახლეობის ჩართულობა და ქალაქების განვითარების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირად განისაზღვრება მერი. ასევე იგეგმება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რაც მათ გაერთიანებას გულისხმობს. შეიქმნება ახალი მუნიციპალიტეტები და 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები