18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის პროცესზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იკითხებიან

"ციანდის საქმის" განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დაცვის მხარის არა ერთი საპროტესტო შუამდგომლობის მიუხედავად, პროცესი კვლავაც დახურულია.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროცესზე დაიკითხებიან აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები. ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვაში.

პროკურორის თქმით, ადვოკატების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, რომ მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს, დეზინფორმაციას ემსახურება.  

“დაიკითხებიან აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომელთა თანდასწრებით და უშუალო მონაწილეობით მოხდა მამალაძის მიერ ჩაბარებული ბარგის ამოღება, სადაც ვიპოვეთ ჩვენ ციანიდი. გახსოვთ ის ხმამაღალი განცხადებები ადვოკატების და დეზინფორმირება საზოგადოების, რომ ვიღაცამ ჩადო ეს ციანიდი. ამ ადამიანების დაკითხვით ცალსახად გამოირიცხება და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს იყო ადვოკატების მხრიდან მიზანმიმართული სიცრუე და ყველაფერი იყო კანონის ზედმიწევნითი დაცვით, როდესაც ჩვენ ამოვიღეთ მისი ხელბარგი. ეს მოხდა აეროპორტის საბარგო განყოფილებიდან, სწორედ ამ ადამიანების თვალწინ და მათი თანდასწრებით,“ - განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ დეკანოზისთვის ციანიდი არავის ჩაუდია, ამ შემთხვევაში აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პასუხის გაცემა მოუწევთ.

ადვოკატი იმ ვიდეო მასალის გასაჯაროებას ითხოვს, თუ კი არსებობს ასეთი, რომელიც უშუალოდ დალუქვის ფაქტებს ასახავდა.

„თუ ბატონი ჯარჯი ლაპარაკობს არა ვარაუდის დონეზე, არამედ უტყუარად ადასტურებს, რომ დაილუქა და არაფერი ჩადებულა, არ ჩაუდიათ ციანიდი, მაგაზე მოუწევს აეროპორტის პატივცემული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პასუხის გაცემა, თუ რა ფორმით ხდება, როგორ მოხდა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ასე უტყუარად არის დადასტურებული, მაშინ რატომ არ წარმოადგინეს. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იძახდეს, რომ დავლუქეო, მე ვამბობ, იძახი, რომ დალუქა, მაშინ მანახე ის, რაც ვთქვათ ყველანაირად უზრუნველყოფდა მათ ფორმულირებას, რომ ეს ყველაფერი თურმე უტყუარად არის,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები