დიდუბეში ერთ-ერთ სარკინიგზო ჩიხში, 7 საათის განმავლობაში მუშაობა შეფერხებული იყო. თბილისის მერიამ ასფალტი სარკინიგზო ლიანდაგებზე დააგო.
მატარებელი, რომელსაც სამშენებლო მასალა, დიდუბეში, ერთ-ერთი საწყობში უნდა გადაეტანა, 7 საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. მემანქანემ, რომელიც ამ გზას დღეში რამდენჯერმე გადის, ღამით აღმოაჩინა, რომ მერიამ სარკინიგზო ლიანდაგზე ასფალტი დააგო. მოქმედი ლიანდაგზე ასფალტის საფარის გადაგებამ, ტვირთგადაზიდვის პარალიზება მოახდინა.
თვითმხილველის მიერ ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ლიანდაგზე დაგებული ასფალტის ასაყრელად, მუშები არიან მობილიზებულები.
თვითმხილველი, გიორგი ქაჯაია „კურიერს“ უყვება, რომ მერიის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად მისულმა მუშებმა, პრობლემა მაინც ვერ მოაგვარეს და მატარებლების მოძრაობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგა, რაც ლიანდაგი ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გაწმინდეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მერიის კონტრაქტორი ფირმის მუშები, რომელებმაც მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი გადააგეს, ადგილობრივებმა გააფრთხილეს, რომ შეცდომას უშვებდნენ, თუმცა მათ არავინ მოუსმინა.
რატომ გადააგო მერიამ მოქმედე ლიანდაგზე ასფალტის საფარი და მოახდინა გადაზიდვების პარალიზება, ამ თემაზე დავით ნარმანიას უწყებაში საუბარი არ სურთ.
ავტორი: ნატა კვირჩილაძე.