ქართული მხარე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკითხვის უფლებას ითხოვს და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოებისგან პასუხს ელოდება. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
შოთაძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელ კოლეგებს დახმარების შუამდგომლობით მიმართა და ჟურნალისტის დაკითხვის უფლებასთან ერთად, აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის სისხლის სამართლის საქმის მასალებიც მოითხოვა.
შოთაძე ამბობს, რომ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ქართული მხარე დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მიღებისა და შესწავლის შემდეგ მიიღებს.
”საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე, ვითხოვთ მისი აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მოხდება აფგან მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეc აზერბაიჯანში ხორციელდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება,” - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაახლოებით ერთ თვის წინ დააკავეს. ჟურნალისტის ოჯახი ირწმუნება, რომ მუხთარლის გატაცება თბილისიდან მოხდა და გატაცების საქმეში ქართველი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.
აზერბაიჯანელი სამართალდამცავები აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.