სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეების დაკითხვა გრძელდება. დღეს მოსამართლემ დაცვის მოქმედი ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა მოითხოვა.
მოსამართლის განცხადებით, გამოძიებამ სასამართლოს დაუმალა დოკუმენტაციის ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ანზორ ჩუბინიძის ხელმოწერილ დოკუმენტაციას ეხება. მოსამართლის თქმით, ამ ხელმოწერების საფუძველზე, 50 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ გამოძიების პროცესში რამდენიმე პატაკი დამალა, მათ შორის, ერთ-ერთი დაცვის წევრის კილაძის ხელმოწერილი, სადაც საუბარია, რომ ჩუბინიძემ პრეზიდენტის სპეც ფონდიდან 50 ათასი ლარის გამოყოფაზე მოაწერა ხელი და ეს დოკუმენტი საქმეში მტკიცებულების სახით არ იყო ჩართული.
დაცვის მხარემ სწორედ ამ დოკუმენტის ჩართვა მოითხოვა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჯანაშიას მიმართ შერჩევითი სამართალი ხორციელდება, რადგან მის მიერ მოწერილი დოკუმენტის მსგავსად, ხელი ანზორ ჩუბინიძესაც აქვს მოწერილი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე აღნიშნავს, რომ თემურ ჯანაშიას მსგავსად, ბევრ ხარჯებზე აქვს ხელი მოწერილი, რომელიც პრეზიდენტის გადაადგილებასთანაც იყო დაკავშირებული. თუმცა გამორიცხავს, რომ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ჩაედინოს. ანზორ ჩუბინიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო ჯანაშიას გაამართლებს.
„ჩემი შეფასებით, თუ ეს არის იგივე და თუ ამაში რაიმე დანაშაული არის და თუ არის დანაშაული და ამაზე ორგანოები გასცემენ პასუხს, მაშინ მეც უნდა ვაგო პასუხი,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.