18 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
აფგან მუხთარლის მეუღლე გიორგი მარგველაშვილს ხვდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ხვდება. ლეილა მუსტაფაევა პრეზიდენტის სასახლეში ადვოკატთან ერთად მივიდა. ლეილა მუსტაფაევა და საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში საქართველოს როლს და გამოძიების მიმდინარეობის დეტალებს განიხილავენ, რომლითაც მუხთარლის ოჯახი უკმაყოფილოა.

შეხვედრის დაწყებამდე ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მადლობას უხდის გიორგი მარგველაშვილს მისი მეუღლის საკითხით დაინტერესებისთვის, რაც სხვა მაღალჩინოსნებმა არ გააკეთეს.

„მინდოდა პირადად გადამეხადა მადლობა პრეზიდენტისთვის იმ პოზიციის გამო, რომელიც მან აფგანის გატაცების საქმეზე დაიკავა. მისი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერის პოზიციისგან განსხვავებული იყო. ისინი მხოლოდ აზერბაიჯანის პოზიციას იმეორებდნენ,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების გაჭიანურება, კიდევ უფრო ამყარებს იმის ეჭვს, რომ საქმეში საქართველოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები არიან გარეული.

„პოლიციას ახალი არაფერი უთქვამს, გარდა რამდენიმე ვიდეო ჩანაწერისა და რამდენიმე ადამიანის ჩვენებისა, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნახავთ. ერთი თვე გავიდა და შედეგი გამოძიებას არ დაუდია. ისინი ვერ პოულობენ იმ 4 ადამიანს, რომლებმაც გაიტაცეს ან გასცეს ბრძანება მუხთარლის გატაცებაზე. გამტაცებლები რომ კრიმინალები ყოფილიყვნენ, მალევე დაადგენდნენ მათ ვინაობას. ცხადია, რომ გატაცებაში სახელმწიფო სამსახაურები იყვნენ ჩართულები,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ასევე ცნობილია, რომ ლეილა მუსტაფაევა აზერბაიჯანის ციხეში მყოფ მეუღლეს დღეს პირველად ესაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები