18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
დაპირისპირება უმრავლესობაში - მმართველი გუნდის ნაწილი ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა

უმრავლესობაში დაპირისპირება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ პაკეტს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ, უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრი, ზვიად ძიძიგური და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დღეს ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ზვიად ძიძიგური ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია და გუნდის შიგნით კონსულტაციებს ითხოვს.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით დეკრიმინალიზაციას, თან ყველა ტიპის ნარკოტიკისას. მიგვაჩნია, რომ ეს ნარკომომხმარებლების რაოდენობას გაზრდის ქვეყანაში. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ და ძალიან დამღუპველი შედეგი შეიძლება ამას ჩვენთვის ჰქონდეს,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, ნარკომომხმარებლების რაოდენობის ზრდას გამორიცხავს და განმარტავს, რომ კანონპროექტის არსი მხოლოდ ის არის, რომ ციხეში არ მოხვდნენ ადამიანები მოხმარებისთვის.

„ციხეში არ უნდა გავუშვათ, ეს არის ამ კანონმდებლობის არსი, რომ ერთი მხრივ გავამკაცროთ ნარკოტიკების ბრუნვასთან ბრძოლა, მეორე მხრივ, ნარკოტიკის მომხმარებელი და ნარკოდამოკიდებული ადამიანი მოვაცილოთ ციხეს და გავუშვათ სამკურნალოდ,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე. 

დღის ამბები