აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.
ლეილა მუსტაფაევამ აღნიშნა, რომ ის გამოძიებას არ ენდობა და სამართალდამცველების ქმედებები მას ეჭვს უღრმავებს იმის თაობაზე, რომ საქმეში მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართული.
„ჩვენ პრეზიდენტს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია აფგანის საქმეზე და ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი საქართველოს დღის წესრიგში შეინარჩუნოს. პრეზიდენტმა დაგვიდასტურა, რომ მას აქვს ძალიან მტკიცე პოზიცია აფგანის გატაცებასთან დაკავშირებით და მის შეცვლას არ აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია ძალიან განსხვავდება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისაგან. პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სხვა მაღალჩინოსნები უარყოფენ მათ ჩართულობას ამ საქმეში, ამბობენ, რომ უნდა დაელოდონ გამოძიებას და ცდილობენ, თავი აარიდონ ამ საკითხს. დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ისინი ამაში ჩართულები არიან,“ - განაცხადა ლეილე მუსტაფაევამ.
აფგან მუხთარლის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს საქმის შესახებ ირიბი მოწმის, ანუ ლეილა მუსტაფაევას მეშვეობით, დეტალური ინფორმაცია აქვთ მიღებული და დამატებითი კითხვების აფგან მუხთარლის მეუღლისთვის დასმის საშუალება აქვთ, შესაბამისად, გამოძიება არ უნდა ჭიანურდებოდეს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ დაზარალებულ მხარეს და ოჯახს ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
„რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ? რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი და არის ძალიან ბევრი მნიშნელოვანი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია და რომ გამოძიება წარიმართება ეფექტურად და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.