18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანია Роснефть-ის პირველი ბენზინგასამართი სადგური ცხინვალში აშენდება

რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიას ოკუპირებულ ქართულ რეგიონში ელოდებიან. Роснефть-ის ხელმძღვანელთან, ვლადიმერ პუტინის მეგობარ იგორ სეჩინთან, შეთანხმებას საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა უკვე მიაღწია. Роснефть-ის პირველ ბენზინგასამართი სადგური ცხინვალში აშენდება.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში კრემლის ერთ-ერთი პოლიტიკური იარაღის Роснефть-ის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წევრებმა „კურიერიდან“ გაიგეს. როგორ მოიქცევა ხელისუფლება, ამ კითხვაზე მთავრობას პასუხი ჯერ არ აქვს.

ექსპერტები ეჭვობენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ოპერირების გამო, საქართველოს მთავრობა Роснефть-ის წინააღმდეგ სანქციებს არ გაატარებს, რადგან ამ ბიზნესში „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ თემურ კოხრეიძის ინტერესები იკვეთება.

2016 წელს ჟურნალ „ლიბერალის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში საუბარია იმ წილების შესახებ, რომელსაც რუსული ენერგოგიგანტი ქართულ შვილობილ კომპანიაში ფლობს. რა კავშირის აქვს დღეს Роснефть-თან, ამ თემაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს საუბარი არ სურს.

პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის გუნდი კანონზე მაღლა მმართველი პარტიის მილიონერი დეპუტატის ინტერესებს აყენებს.

„გაზპრომის“ შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური იარაღი Роснефть უკვე წლებია, ოპერირებს ოკუპირებულ აფხაზეთში, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას მის წინააღდეგ სანქციები არ გაუტარებია. რუსულ ენერგოგიგანტ Роснефть-ს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული საომარი ოპერაციების შემდეგ ამერიკამ და დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

დღის ამბები