4 პოლიციელსა და 10-მდე მოქალაქეს შორის დაპირისპირება ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. საქმის გამოძიება დასრულებული არ არის მიუხედავად იმისა, რომ შსს-ში ბრალდებულების ვინაობა უკვე იციან.
„კურიერს“ თავად ბრალდებულები დაუკავშირდნენ, რომლებიც სკოლის მოსწავლეები და პირველი კურსის სტუდენტები აღმოჩნდნენ. მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის ნიკა ქარქაშიძეა. ის აცხადებს, რომ მეგორებთან ერთად მყოფს პოლიციელებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქმეზე გამოძიბა კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველზე თავდასხმას გულისხმობს.
შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი საავადმყოფოში მოხვდა. მოზარდები ვერ იხსენებენ, თუ რა ვითარებაში დაშავდა სამართალდამცველი, რადგან ჩხუბის მონაწილე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირის მიერ გასროლის განხორციელების შემდეგ მათ ერთ-ერთ მეგობარს გული წაუვიდა და მის დახმარებას ცდილობდნენ.
შემთხვევის დროს ახალგაზრდებს ერთი მშობელი და მასწავლებელიც ახლდნენ. ისინი ბავშვების სიტყვებს ადასტურებენ.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატისა და მამის მტკიცებით, საქმეში ვიდეოჩანაწერი დევს, რომელშიც პოლიციელის არაკანონიერი ქცევაა დაფიქსირებული.
ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდები თავს შემოვლაზე მყოფ პოლიციელებს დაესხნენ, ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს და მიიმალნენ.