18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ეს გამოძიების იმიტაციაა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში - აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე სასაუბროდ საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი ჩამოვიდა. პარტია „მუსავატის“ თავმჯდომარემ, არიფ ჰაჯილმა, თბილისში გამომგზავრება ბაქოში დაკითხვის შემდეგ მოახერხა.

არიფ ჰაჯილი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ევროპული პარტია „ალდეს“ ვიცეპრეზიდენტს, ჰენრიკ მორტენსენსა და აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას, ხვდება.

„კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე დაწყევული გამოძიება საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც იმიტაციაა.

„ეს გამოძიება არ არის, ეს გამოძიების იმიტაციაა, როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. მე ჩამოვედი აქ, რომ შევხვდე ოპოზიციურ პარტიებს. მუხთარლის საქმე განხილვის თემაა „ალდეს“ ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზეც,“ - განაცხადა არიფ ჰაჯილმა.

დღეს აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტის მეუღლე გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მყარი პოზიცია აქვს.

ლეილა მუსტაფაევა და აფგან მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, საქართველოს გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა „ალდეს“ ვიცეპრეზიდენტმა, ჰენრიკ მორტენსენმაც  გამართა. საუბრის მთავარი თემები აფგან მუხთარლის საქმე და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები