საგამოძიებო უწყება თაღლითური გზით მიწების შესაძლო მითვისების საქმეს სწავლობს. განმუხურის წითელ ზოლში ათობით ჰექტარი ადგილობრივმა მოსახლეობამ, როგორც საკომლო კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ისე დაირეგისტრირა.
საკომლო მიწის ნაკვეთი ე.წ. წითელ ზოლში განმუხურის ათობით მცხოვრებს აქვს. ისინი ამბობენ, რომ მიწები ყველა ოფიციალური პროცედურის გავლით, საჯარო რეესტრმა უპრობლემოდ დაურეგისტრირა. ამის გამო კი, ყველა მათგანს გამომძიებლებთან დაკითხვაზე სიარული უწევს. განმუხურის მიწების საქმეზე ფინანსურმა პოლიციამ თაღლითობის მუხლით გამოძიებაც დაიწყო.
გამოძიების ვერსიით, განმუხურში თაღლითური სქემა მოქმედებდა. ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ზღვის სანაპიროზე დაინტერესებულმა პირებმა დაარეგისტრირებინეს, რათა ამის შემდეგ სარფიან ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთები ხელსაყრელი პირობებით თავადვე შეეძინათ. განმუხურის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ზღვის ნაპირას ათობით ჰექტარი ასეთი ტერიტორია უკვე გაიყიდა.
სოფელში ამბობენ, რომ საქმეზე 100-მდე მოწმეა დაკითხული. მათ შორის, სავარაუდოდ, არიან საჯარო მოხელეები და მაღალჩინოსნებიც.
დეტალებზე ფინანსურ პოლიციაში არ საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ თაღლითობის გარდა, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაც მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია