„ჩვენ ხალხს ვეუბნებოდით, რომ ჩვენს გუნდში ამ საკითხზე არის აზრთა სხვადასხვაობა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში მაჟორიტარულ სისტემაზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დებატები იყო და ბევრ მაჟორიტარ დეპუტატს მყარი არგუმენტები ჰქონდა, თუმცა, მეორე ნაწილმაც არაერთი არგუმენტი წარადგინა პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. საბოლოოდ კი მხარეები შუალედურ ვარიანტზე შეთანხმდნენ.
„მაჟორიტარულის მომხრეებმა თქვეს, რომ კი ბატონო, გარდამავლ ეტაპზე დარჩეს, ჩვენ ვთქვით, რომ ოღონდ გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე და ოღონდ წინა პარლამენტში, როდესაც კონსესუსი ვერ მიიღწა, ის არ გავიმეოროთ და ამ მიზნით, კი ბატონო, დავთმოთ, რომ 2020 წელს იყოს შერეული სისტემა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ 2020 წლისთვის ბარიერი 3%-მდე დაწიეს, რათა შედარებით პატარა პარტიებისთვის განვითარების საშუალება მიეცათ.
მისი თქმით, ახალი პროექტის მიხედვით, გადაუნაწილებელი მანდატების რიცხვი მინიმუმამდე მცირდება და კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. მდინარაძე აღნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.
„2024 წელს ნამდვილად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე და ამაზე მყარი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, ე.ი. გარანტია არის. ამიტომ, იმის თქმა, რომ გარანტია არ არის, ეს არი ტყუილი, გამიზნული ტყუილი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.