18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ხელისუფლების მუშაობის სიმბოლო - ოპოზიცია ზაჰესში ახალგარემონტაბული ხიდის დაზიანებას აფასებს

გახსნის საზეიმო ცერემონიიდან 3 თვის თავზე ზაჰესის ახალი ხიდი დაზიანებულია. კონსტრუქციამდე მისასვლელი გზა ნაწილობრივ ჩამოშლილია და ავტომობილებიც შეფერხებით გადაადგილდებიან.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესში მილიონნახევარი ლარის სანაცვლოდ, მერიის პროექტის შემსრულებელ კომპანიას არა მხოლოდ ხიდი, არამედ ხიდისა და გზის შემაერთებელი მონაკვეთი სათანადოდ უნდა გაემაგრებინა.

„ენმ“-ის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ ზაჰესის ეს ხიდი „ქართული ოცნების“ მუშაობის კიდევ ერთი სიმბოლოა.

„შედეგად ჩვენ მივიღეთ 2 ხიდი, ერთი ძველი, რომელიც არ ფუნქციონირებს და მეორე, რომელიც ახალია, მაგრამ ჩანგრეულია. ეს არის კიდევ ერთი სიმბოლო ამ ხელისუფლების მუშაობის. მე პირობას ვდებ, რომ არჩევნების შემდეგ, ყველაფერი, რაც თბილისში გაკეთდება, იქნება ძალიან მაღალი ხარისხის,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის” წევრი, თამაზ შოშიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროექტის შედგენის დროს გეოლოგიური შესწავლა გათვალისწინებული იყო. 

„თბილისი მერია ვალდებული იყო, როგორც გეოლოგიური, ისე კონსტრუქციული მდგრადობა შეემოწმებინა გზის. შესაბამისად, მათ გაფლანგეს არა ერთი მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან. ეს გახლავთ მერიის არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე კი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის ხარვეზების მიზეზი, მერიაში არსებული არაპროფესიონალიზმი და გაუმჭვირვალე პროცესებია.

„იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ მერიას ექნება პასუხი ყველა ასეთი ტიპის ხარვეზზე, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, პროფესიონალების მიერ შესრულებული, პროცესი არ უნდა იყოს გულგრილი თანამშრომლების მიერ შესრულებული, ყველაფერს ამას დღეს ადგილი აქვს თბილისის მერიაში,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის 2 წელიწადნახევრის განმავლობაში ხიდმა 2 განსხვავებული პროექტი და 3 მშენებელი კომპანია გამოიცვალა. აქედან, ერთ-ერთი კომპანიის მესვეურები, ბიუჯეტის კუთვნილი მილიონების მითვისების გამო, ციხეში აღმოჩნდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები