ზაჰესში 3 თვის წინ გახსნილი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ დაზიანების მიზეზი კოლექტორი გახდა, რომელმაც წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტს ხიდთან კავშირი არ აქვს.
„ხიდის მიმდებარედ კოლექტორის, ანუ ქოშიგორას მხრიდან მომავალი ნაკადი ვერ გაატარა კოლექტორმა და შესაბამისად, ამ წუთში მიმდინარეობს სამუშაოები გაწმენდასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ ზაჰესის ხიდს, ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ არის,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მერიის პროექტის შემსრულებელ კომპანიას არა მხოლოდ ხიდის, არამედ ხიდამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ევალებოდა.
აღსანიშნავია, რომ ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, რომ კომენტარს ადგილზე გააკეთებდნენ, თუმცა ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა ზაჰესისი ხიდის მიმდებარედ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და ჟურნალისტები დედაქალაქის მუნიციპალიტეტში დაიბარეს. „კურიერმა“ მერიას აუწყა, რომ გადამღები ჯგუფი, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი დღის განმავლობაში ინციდენტის ადგილზე მუშაობდა, ოფიციალურ ინტერვიუზე დააგვიანდებოდა. საბოლოოდ, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა ყველა ტელევიზიასთან, გარდა „რუსთავი 2“-სა.