საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე დაზარალებულებს პოლიციელებმა ლოგინის გაშლის საშუალება არ მისცეს.
დაპირისპირების შედეგად აქციის 3 მონაწილე შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია, თუმცა საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები კვლავ რჩებიან სახელმწიფო კანცელარიის წინ, ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები, ასევე ადგილზე რჩება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.
აქციის არცერთი მონაწილე დაკავებული არ არის და სერიოზული დაზიანება არცერთ მათგანს არ მიუღია.
აქციის მონაწილეებმა ერთგვარი ულტიმატუმიც წაუყენეს მთავრობას. იმ შემთხვევაში, თუ მათ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ შეხვდება, ისინი პარასკევიდან უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ესაუბრება.
მეანაბრეებმა შიმშილობა მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. დაზარალებულები სახელმწიფოსგან ზარალის კომპენსაციას და უწყებათაშორისი სააკორდიაციო კომისიის შექმნას ითხოვენ.