18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე - პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა

პარლამენტში დღეს გადაწყვეტენ, შეიქმნება თუ არა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისია. უმრავლესობაში კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ და ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცეს და გამოძიებას ხელიც კი შეუშალოს.

„ეს ხელს შეუშლის გამოძიების მუშაობას და ძალიან პოლიტიკური გავლენა ექნება ამ პროცესს და არასწორია. არასწორია ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ძალიან პრიმიტიული თემა, მოიტაცეს, წაიყვანეს, გაიტაცეს... ასე არ არის. აქ მრავალასპექტიანი საქმეა და გამოძიებაც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი, ფიქრობს, რომ აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს რეპუტაცია შეულახა და პარლამენტი ვალდებულია, ეს საკითხი განხილვის თემად აქციოს.

„შეუძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა უბრალოდ არ განიხილოს ეს და მეორე საკითხიც არის, რომ საქართველოში არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია - შსს, პროკურატურა, ვერცერთი ვერ გამოიძიებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი ბრალდებულები არიან ამ დანაშაულში,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის დღის წესრიგიდან გაქრობას ცდილობს.

„ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ მუხთარლის თემა, როგორმე გააქროს დღის წესრიგიდან, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, იმიტომაც არის აუცილებელი ამ საკითხის დაყენება, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და სასწრაფოდ აღიაროს თავისი შეცდომა და დანაშაული,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები