18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
იარაღი, რომელიც დეკანოზის ბინაში იპოვეს, იყო ირაკლი მამალაძის - გიორგი ფანცულაია

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მამაოს ბარგში მომწამვლელი ნივთიერება არ ყოფილა და ციანიდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაუდეს. დღეს სასამართლოს სხდომაზე იმ გამომძიებლებს დაკითხავენ, რომლებიც დეკანოზის დაკავებასა და მისი ბინის ჩხრეკაში იღებდნენ მონაწილეობას.

„დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ჩადებულია და ყველაფერი უკანონოდ მოხდა. მათ სრული უფლება და ვალდებულებაც ჰქონდათ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად, სამართლიანობის თვალსაზრისით, რომ მოეტანათ და თვითონ დაერთოთ საქმეში,“ - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ასევე აღნიშნავენ, რომ იარაღი, რომელიც ბინის ჩხრეკისას გამომძიებლებმა იპოვეს, პროკურატურის ოქროს მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, ბრალდებულს რამდენიმე დღით ადრე, შესანახად გადასცა. ადვოკატი გიორგი ფანცულაია ფიქრობს, რომ თუ დღეს ის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებსაც იარაღის ამოღებასთან კავშირი აქვთ, დაადასტურებენ, რომ ჩხრეკისას ამოღებული იარაღი დეკანოზს არ ეკუთვნის.

„დაადასტურებენ ისინი, რომ იარაღი, რომელიც მათ დეკანოზის ბინაში იპოვეს, რეალურად, იყო ირაკლი მამალაძის, რომელმაც დიდ სპექტაკლში როლი ამ ნაწილშიც შეასრულა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები