10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესი 6 ივლისს განახლდება, სადაც მოსამართლე სავარაუდოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დღეს სასამართლომ ბრალდების 2 და დაცვის 6 მოწმე დაკითხა, მათ შორის პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი და სიძე, მინდია გოგოჭური.
“დაჭერის მეორე დღეს ვიყავით ჩასული მე მინდა გოგოჭური და ლევან მაისურაძე, სადაც მოხდა დაკავება და პერსონალს ვესაუბრე და პერსონალმა განაცხადა, რომ მოხდა დაკავება სასადილოს ტერიტორიაზე შიგნით. შემოვიდა სამი ბიჭი, შეუკვეთეს რაღაცეები და 5 წუთის მანძილზე ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
მინდია გოგოჭურის თქმით, რესტორნიდან გაყვანის შემდეგ, მიხეილ თათარიშვილი მანქანასთან მიიყვანეს და ცდილობდნენ, რომ ის ძალით ჩაესვათ მანქანაში.
დაკავების მომენტს იხსენებს მიხეილ თათარიშვილის კიდევ ერთი მეგობარი და დაცვის მოწმე ლევან მაისურაძე.
“შემოცვივდა სულ ცოტა 8 ადამიანი. არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ. მე უფრო ყაჩაღობა მეგონა, იმდენად უხეში ფორმებით გვექცეოდნენ და პირველი გაიყვანეს მიხეილ თათარიშვილი. მიხეილ თათარიშვილი ყვიროდა, ჯიბეებს იტრიალებდა, არაფერი არ მაქვს ნუ მიდებთ ნურაფერს,“ - აღნიშნა მაისურაძემ.
ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, სურამის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თათარაშვილი მის განყოფილებაში მიიყვანეს, თუმცა, მისი თქმით, ადგილზე კამერები არ არის.
“კანონის თანახმად, უახლოესი განყოფილება დაკავებიდან ჩემი განყოფილება იყო და მომმართეს იქ დაკავების ოქმის დასადასტურებლად. მოუწერე ხელი და გაჩერდნენ სულ რაღაც 15-20 წუთი. ჩემ დაწესებულებაში ვიდეო კამერა არსად არ აყენია,“ - განაცხადა სურამის პოლიციის ხელმძღვანელმა.
17 მარტს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თათარიშვილი, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, 2 დღის წინ გაათავისუფლეს.