18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობით დაისჯება

წვევამდელების მიმართ კანონი მკაცრდება. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევებს აკონკრეტებს. ამ კანონის დარღვევა კი სასჯელის სახით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

დამტკიცებიდან ერთ დღეში კი კანონპროექტი მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა. მონური და რეპრესიული მიდგომა - ასეთი იყო შეფასებები სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე კი დარწმუნებულია, რომ სესიაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ”გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია-”ბიბლიური თავისუფლება” შექმნა და ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარებას უწევს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. ირაკლი სესიაშვილის ნაცვლად განმარტება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. სოფო კილაძე ამტკიცებს, რომ კანონის გამკაცრება არა გირჩის იდეის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის მომზადდა.

კანონპროექტი მხოლოდ უმრავლესობამ დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, რომელიც სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. სისტემური პრობლემის მოგვარებისკენ მთავრობას ქვეყნის მთავარი უფლებადამცველიც მოუწოდებს. ომბუდსმენის აპარატში განმარტეს, რომ ხელისუფლებამ კანონის გამკაცრების ნაცვლად, რეპრესიული მიდგომა უნდა შეცვალოს.

დღის ამბები