ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის პროცესზე ის პოლიციელები უნდა დაიკითხონ, რომლებიც ხარშილაძის აყვანის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
მათ შორის, მთავარი სამმართველოს უფროსი, რამაზ თარაშვილიცაა. ელისო კილაძის მტკიცებით, სწორედ მისი მანქანიდან გადაიტანეს ნარკოტიკული ნივთიერება და დავით ხარშილაძეს ჩაუდეს.
პროცესზე ბრალდებულსა და თარაშვილს შორი სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.
“რამაზ თარაშვილი მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელიც როგორც წესი არ დადის ასეთი შემთხვევის ადგილებზე, როცა რიგითი ნარკომომხმარებელის დაკავება ხდება. თარაშვილი იყო ის პირი, რომელმაც ფაქტი მიიტანა ადგილზე, მე მაქვს ეს ინფორმაცია, მისი მანქანიდან გადმოიღეს ეს ნარკოტიკები, რომელიც ჩემ შვილს ჩაუდეს,“ - განაცხადა დავით ხარშილაძის დედამ, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ.